გაველდა ცხვარი!

გაველდა ცხვარი!

I

გაზაფხული იყო, მაისის დამდეგი, როცა ბეჟანმა ბარიდან ცხვარი მორეკა ფშავში, საკუთარ მთებში. მწყემსი კმაყოფილი იყო თავის ბედისა, წლევანდელის წლისა, „კარგად გამოვიდა“, კარგი დოლი აიღოვო. ფარა მოქანავდა, როგორც მარილ-დანატრულებული, ისე მიიწევდა მთისკენ, მიუხაროდა, მიეშურებოდა, ჩქარა ეგემნა ის განუსაზღვრელი სიამოვნება, რომელსაც სიცხე-პაპანებაში ჰგრძნობს ყოველი ცხოველი მთაზე ლაღის მთის ჰაერის ყნოსვით.
ფარა ჰქუხს, ღელავს, „ხმა“ აქვს, შთაუნთქავს ყურთასმენა, დაეძებს ბღავილით დედა-ცხვარი ბატკანს, ბატკანი – დედას. როცა ცხვარს ამისთანა გუნებაზე ჰხედავს მწყემსი, რაც იშვიათია, ცხვრის პატრონს ოცის წლის სიცოცხლე ემატება, სრულიად ბედნიერია, სრულიად კმაყოფილი თავისთავისა, ღვთისა და კაცისა. მხნედ, ამაყად გამოიყურება, მტკიცეა მისი ფეხის გადადგმა, წელში იშლება. ასეა მუდამ, როცა კაცს ამაგი უფასდება, როცა მისი ტანჯვა-წვალება უნაყოფოდ კი არ ჩაივლის, სრულს მოსალოდნელს ნაყოფს გამოიღებს. ძაღლებიც კი, რომლებიც პატრონს თვალებში შესჩერებიან და სურთ გაიგონ მისი სულიერი ვითარება, მხიარულად არიან: პატრონის სიხარული ახარებთ, ხოლო დარდი ადარდიანებთ.
ბეჟანის ძაღლებიც, მხიარულ პატრონის მხილველნი, მხიარულ გუნებაზე იყვნენ და როდი გლოვობდენ თავის გაკრეჭილ კუდებს, არ ემდუროდენ პატრონს, ვისი ბრალიც იყო იმათი კუდების გაკრეჭა, ჰგრძნობდენ იმასაც, რისთვისაც მოაცალა ძაღლებს ბეჟანმა კუდებზე მეტი ბალანი; პირიქით, ამისთანა კუდებით კიდევაც ამაყობდენ, უბრალო შინაური ქოფაკები კი არა, არამედ „ცხვრის ძაღლები“ ვართო, დიაღ, ცხვრისა, რომლის გამჩენსაც ბეჟანი მუდამ ფიცულობს, ურომლოდაც სამღვთოს ვერავინ გადიხდის, ხატს, ღმერთს ვერავინ შეეხვეწება, მკვდარს ვერავინ დაჰმარხავს, ტანს ვერავინ შეიმოსავს, ვერც გაითბობს. ამით ცხვრის ძაღლებსაც თავი მოაქვთ, თავი მოსწონთ. რა არის იმათ თვალში შინაური ძაღლი ბალნიანის კუდით, განებივრებული, გაპეწენიკებული? არაფერი. გდია შინ, მარტო სახლის კარებზე ღავღავებს, არც მტერთან უბრძოლია, არც სიცხე იცის, არც სიცივე, არც წვიმა, არც თოვლი, – ყოველ შემთხვევაში საფარს ეძებს მოსასვეებლად. ერთხელაც კი არ დაჭრილა მტერთან ბრძოლაში იმიტომ, რომ მტერთან არ უბრძოლია, ხოლო ბეჟანის ძაღლებს რამდენი ნაკბილარები ეტყობათ მგლისა, ზოგი ცხვირ-პირში, ზოგი ყელში. წყეულ ზამთარს მარტო ხუთი მგელი დაარჩვეს. რისთვის? ვისთვის? ცხვრის გულისათვის. აი რა ბიჭები არიან!..
კუდი?! იყოს გაკრეჭილი, მერე რაო?

II

ბეჟანი მხოლოდ ერთსა დარდობს: ვაი თუ ცხვარს „ნაბარალი“ მოუყვეს. ამის შეტყობა წინასწარ ძნელია, ძნელია, ვიდრე ცხვარი მთის ბალახს არ მოსძოვს, მთის წყალს არ დაჰლევს. მხოლოდ ორის კვირის შემდეგ გადასწყდება ავ-კარგი, მაშინ გამოირკვევა ყველაფერი; იმედი აქვს მწყემსს, რომ ეს არ მოჰხდება; თუმც ეჭვობს, მაგრამ მისი გულისთქმა უფრო იმ ფიქრისაკენ იხრება, რომ ღმერთი, სიკეთის დროს, იმ ბედნიერებას, რაც მიანიჭა, აღარ გააფუჭებს, სიამოვნებას არ ამოაშხამებს. ამიტომ მაინც მხნედ და გულადად არის.
ცხვარმა უკვე შეათავა ჭალა და მთის კალთას მოება, ტყიანს ფერდობს შეუდგა და, აი სწორედ ამ დროს ერთი დედა-ცხვარი შესხლტა ფარას; როგორ მოუვიდა, თითონაც ვერ გაიგო, შესხლტა მარტოდმარტო, უშვილოდ, უბატკნოდ; მისი სიცოცხლე, მისი სიხარული პატარა, ფუნჩულა, ბამბის ქულასავით ბატკანი ფარაში დარჩა უდედოდ. ცხვრის დაკარგვა მწყემსებმა და ბეჟანმა მხოლოდ მეორე დღესღა გაიგეს, როცა ცხვარი ბინაში მივიდა, გაიგეს იმით, რომ ერთი ბატკანი ფარაში გულსაკლავად ბღაოდა, დარბოდა, ხან ერთ ცხვარს მიუხტებოდა მოსაწოვად, ხან მეორეს, მაგრამ არავინ იკარებდა, ყველა იშორებდა, ყველა ურქენდა. საბრალოს ძუძუ სწყუროდა, მაგრამ ძუძუს არც ერთი ცხვარი არ უთმობდა, ყველა თავის ბატკნისთვის უფრთხილდებოდა. დედა-ცხავრი დარბოდა ტყეში და ბღაოდა. ბაააა, ბეეე!! თავზარდაცემულს ტვინი გადაუბრუნდა: ეს როგორ მოჰხდა, რომ ამხანაგებს ჩამოშორდა? როგორ მოჰხდა, რომ იმის საყვარელი შვილი არ არის იმასთან? ამ ფიქრებმა, მარტოდ ყოფნამ გადარია ცხვარი; სხვა ყველაფერი დაავიწყდა, გარდა ერთისა – ეს იყო შვილი, თეთრი, თეთრი, როგორც უმტვერო თოვლი. ის სადა ჰყავს, სად?.. რატომ გვერდს არა ჰყავს? თვალდაფეთებული აწყდებოდა ტყეში აქეთ და იქით, ის ჩარჩა მხოლოდ გონებაში და, რასაც თეთრს დაინახავდა, ქვას თუ სხვას რასმე, გააფთრებული ზედ მიიჭრებოდა: „ბღააა, ბეეე!“ ოჰ, როგორ გულდაწყვეტილი ბრუნდებოდა უკან და მიისწრაფოდა სხვა მხარეს, რწმუნდებოდა რა, რომ თეთრი საგანი ქვა გამოდგებოდა, ყუნჭი ან სააბედე ხმელი სოკო, ხმელს, დიდრონ წიფელზე შერჩენილი. ყოველივე ფაჩუნი ტყეში კიდეც აფრთხობდა ცხვარს და კიდეც იზიდავდა თავისკენ, მაგრამ ადამიანი, თუ სხვა რომელიმე უვნებელი ცხოველი, ცხვარს აშინებდა, – იგი გაურბოდა ადამიანს. გაექცეოდა ცხვრის ფარასაც, რომ სადმე შეჰყროდა. ეს ცვლილება განიცადა ცხვარმა სულ ორის კვირის განმავლობაში.
„გაველდა ცხვარი“, განადირდა. ზოგი ნადირი თუ იმას აფრთხობდა და აშინებდა ტყეში, ზოგისთვის თვითონ შეიქმნა საშინელი, საფრთხული. ისე არადროს არ შეჰხვედრია შველსა, რომ გული არ გაეხეთქა, ხავილი არ აეტეხინებინა მისთვის. „ხაუ, ხაუ“! მოჰყვებოდა შველი ხავილ-ჩხავილს. ვინ იცის, რა ეგონა ცხვარი? ვინ იცის, რა უბედურებას ელოდა მისგან? როდის-როდის, გზას ძლივს გაიგნებდა და თვალდაფეთებული, დავთრებდაბნეული გარბოდა, ცდილობდა დაჰმალვოდა ცხვარს – ამ მოულოდნელ საშინელებას, ღვთის რისხვას. ცხვარს შველი მგლად ეჩვენებოდა და ისიც თავისთვის გარბოდა. გაველდა ცხვარი! დაემწყვდია ტყეში, ხეთა და ხევთა შორის. თავდაპირველმა მისმა ცდამ, როგორმე გასცლოდა ამ საპყრობილეს, გასულიყო გარედ, ველად, მინდვრად, შეჰყროდა თავის შვილს, ამხანაგებს, უქმად ჩაუარა და ნელ-ნელა ცხვარი შეურიგდა თავის ბედსა. რაც ხანი გადიოდა, იმის მიხედვით ცხვარიც ივიწყებდა ყველაფერს წარსულს, შვილსაც, ფარასაც, ახალ ცხოვრებას ეთელებოდა, ახალ ცხოვრების თანახმად იძენდა ახალ ზნე-ჩვეულებას. დღეს, მაგალითად, ჯერ ორი თვე არ არის, რაც ფარას მოსცილდა, მაგრამ ნამდვილი ნადირია, როგორც შველი, ირემი, არჩვი, კურდღელი და სხვა. იმათებრ წვება და დგება, საშინლად აშინებს ადამიანი, ირჩევს დასაწოლად მოხერხებულს ადგილს, ადვილად გაიგოს მტრის – ადამიანის ან მგლის მოახლოვება…
გათავდა ოცნება, გულის ტკივილი შვილისთვის. გაჰქრა სიყვარული ამხანაგებისა. იყო კი ან ერთი ან მეორე? არ იცის, აღარ ახსოვს. ბეჟანის, თავის პატრონის დანახვაზე, იმ პატრონისა, რომელიც მარილს უყრიდა, სწველავდა, ჰპარსავდა, ბევრჯერ პირში ჰკოცნიდა და „პირწითელას“ ეძახდა, ხესა და ქვას შეასკდება – ვეღარ იცნობს და იმიტომ, დაავიწყდა, თუ პატრონი, მომვლელი, მზრუნველი ჰყვანდა ერთ დროს. დღეს ცხვრის მომვლელი, მზრუნველი, ამხანაგები, შვილი, – ტყეა, კლდე, ბალახი და ვეძა. შვლების, ირმების წყალობით, ცხვარმაც ისწავლა ვეძის გზა, იმათ ბილიკზე დადის და, როცა დროს იხელთებს, მიდის ვეძაზე, სალოკზე. დღეს ცხვარს ახსოვს მხოლოდ თავისი თავი, თავისი სიცოცხლე და ამას უფრთხილდება… გაველდა ცხვარი!.. როდემდის შეინარჩუნებს ამ სიცოცხლეს, არ ვიცით, რადგან უზრუნველყოფილი არაა მისი სიცოცხლე ტყეში; ხიფათი ყოველ ჟამს მოსალოდნელია და, თუ იმაზე ფეხმარდი შვლები, ირმები ებმებიან, როგორც ხალხი ეძახის მგლებს „ლეგ-ჩოხა ბიჭებს“, იმათ დაგებულ ხაფანგში, ცხვარს რაღა იხსნის, რა დაიფარავს?