საშობაო ზღაპარი

საშობაო ზღაპარი

Ι

ტყე როგორ დაბერებულა,
ძირს თავი დაუკიდია!
შეუბრალებელს ზამთარსა
ზურგს ტვირთი აუკიდია
საწყლისთვის. ტყეს ზვავი აწევს
მძიმე, თეთრი და დიდია;
ნაღვლობს წარსულსა, ოცნებობს,
გუნება არ აქვს მშვიდია.
აღარც ნიავმა დაჰბერა,
ჩამოებერტყნა ბარდანი¹,
აღარც მზის სხივი ეწამლა,
მაღლიდან ჩამონაქანი,
რომ ჩამოედნო ყინული,
ტყეს აეხილა თვალია, –
გამომძვრალიყო კურდღელი,
ბარდში მჯდომარი, ფრთხალია
და მოეხოხნა ბალახი,
სადმე ეპოვნა მწვანია.
შვლებიც ნაღვლობენ: ყინულსა
ნეკერი დაუფარია.
გარინდებულა და ყუჩობს
მთელი ფრინველთა გვარია,
და ტყეში ისმის მგლებისა
მხოლოდ ღმუილი მწარია.

ΙΙ

მაგრამ ხანდახან ზამთრისა
დღე გამოტყვრება ნათელი
და ცხრათვალა მზე კაშკაშებს,
როგორც წყვდიადში სანთელი.
სწორედ ასეთი დღე იყო
შობის სამის დღის წინათა,
ხეებიც საბან-ახდილნი
მზეს შეჰხაროდენ მწკრივადა.
ყინული, ნამად ქცეული,
დაბლა ჩამოდის ხშირადა.
უცბად ტყე შეფიქრიანდა,
ხეებს დაუსქდათ გულები:
ტყეში მოდიან კაცები,
მხარზე გაედოთ ცულები.

მ უ ხ ა

ოჰ, როგორ მოისწრაფიან,
რომ დაგვაჩნიონ წყლულები!
დაგვერევიან წყეულნი,
როგორც ქარავანს თულები.

წ ი ფ ე ლ ი

ჩვენ რა? ხელს როდი გვახლებენ, –
მუხას, წიფელს ან რცხილასა, –
არც ვერხვს, არც არყსა, არც თხილსა;
ვაი ნაძვების ბინასა!

ა რ ყ ი

მუდამ წელს ჩვეულებად აქვსთ
სწორედ ამ დროსა გლეხებსა,
ზედაც არ შემოგვხედავენ,
ნაძვებს ატანენ ხელებსა;
ჩვენ თვალით გვაცქერინებენ,
როს იმათ სჭრიან ყელებსა.

კ უ ნ ე ლ ი

საშობაოდა ზრუნავენ
ბალღების გასახაროდა
და იმათ საქეიფოსა
ჰქმნიან ჩვენს გასამწაროდა.

მ უ ხ ა

ყოჩაღ, კუნელო, შენაცა
გქონია გრძნობის ნასახი,
შეუბრალები მეგონე,
ვით ეკლიანი ბალახი;
სჩანს, რომ ეკალი არ გიკლავს
შენ სიბრალულის გრძნობასა.
ეგ გრძნობა ძვირფასი არი,
გთხოვ, არ დაიხშო, ძმობასა!

კ უ ნ ე ლ ი

ეკალი მტრისთვის მასხია –
ნაძვი რა ჩემი მტერია?!
როცა კი ვხედავ, რომ სჭრიან,
მე ჩემთვის ჩუმად ვსტირია.

ხ ე ე ბ ი (ერთად)

ოღონდაც. როცა ერთს ჩვენგანს
სცემენ, ჩვენ გვტკივა ყველასა
ტანი იმ დროსა, მაგრამა
დაჩაგრულს ვშველით ვერასა.

მ უ ხ ა

ნეტავ პირდაპირ არ იდგნენ
ეგ საცოდავი ნაძვები!
ბედკრულთა ტანჯვა-ვაებით
მე უფრო დავიტანჯები.
მინდა აქედან ვუძახო:
კაცნო, ნუ სჩადით ავსაო!
რადა ჰჟლეტთ, უღმერთოებო,
დაუნაშავარ ხალხსაო?
მაგრამ ჩემი ხმა მკვდარია,
უხმოდა დნება გულშია,
ჩემი სათქმელი სიმართლე
მევე მეხევა წყლულშია
ნესტრადა, რადგან კაცთა ჭკვა
მარტო მკლავსა და ცულშია.

ΙΙΙ

მუხა რომ ამას ამბობდა,
იმ დროს აჩქამდა ცულები;
აკვნესდა მთელი ნაძვის ტყე,
საწყლებს უთრთოლავთ გულები:
ნაძვები უნდა გაყიდონ,
კაცთა აიღონ ფულები,
არ გააჩნიათ ბეწვადა
მათი ხვეწნა და წყლულები.
სხვა ხეებიცა სტირიან
დამწვარი, დადაგულები,
ამხანაგთ უბედურებას
რა ჰხედვენ გაფარჩხულები.

რამდენიმე ხე წაიქცა
და უცბად შედგნენ ყველანი;
ჰხედავენ: მონაჭრიდანა
ნაძვებს გადმოსდით მელანი.
„ვაჰმეო!“ ერთხმად იყვირეს
და იარაღიც დაჰყარეს.
ერთმანერთს გაოცებულთა
ესე ამბავი ახარეს:
„ხელს ბავშვი მიჭერს ვიღაცა,
ანგელოზისა მსგავსია,
მკლავებს მიდუნებს, თვალებს მჭრის,
თითქოს მზე მადგეს ასია;
მე ხელს გავანძრევ ვეღარა,
სრულიად დავინავსია!“

ΙV

თოვლი ქაღალდათ ქცეულა;
მაზედ ჩვილის ყრმის ხელითა
ზედ იწერება ამბავი
ალმასის კალმის წვერითა:
„ნუ გეწყინებათ, მუშაკნო,
რო გიდუნდებათ მკლავია.
მიტომ არ მოვედ ქვეყნადა,
მიტომ არ დავიბადია,
რომ ყველამ ის ჩაიდინოს,
რაც მოსწონ, რაცა სწადია;
მიტომ არ ვეცვი ჯვარზედა,
საქმე ვიკისრე ძნელია,
ერთის ტანჯვითა მეორემ
რომ მოიღეროს ყელია,
უმწეოთ, ტანჯულთ ცრემლებით
ჩემი კალთები სველია
და, უკაცრავად, ავზედა
არ მოგიმართოთ ხელია!
გთხოვთ, ერთს დღეს, ერთს დღეს მაინცა
არ იყოთ ავის მქნელია!“
ვინ იყო ამის დამწერი,
ვინ იყო ამის მთქმელია?

[1909 წ.]

¹ ხეზე დადებული თოვლი.

შენიშვნები და ვარიანტები:

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნაწ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 87 (B). ამავე ნომრით ამ ლექსის ნაწყვეტიცაა შემორჩენილი (C).
ნაბეჭდი: ნაკადული (მოზრდილთათვის), 1909, № 12 (A).
B-ს სათაურად ჯერ ჰქონია: „ტყე“, – შეცვლილია: საშობაო ზღაპარი. B იწყება შემდეგი სტრიქონებით:

ხეები შეჭირვებულნი
გადაპენტილნი თოვლითა,
იზნიქებოდენ ტვირთ-ქვეშა
ვინ მოუვლიდა მოვლითა?

ვინ მოაცლიდა ტანზედა
რაც დასდებოდათ ბარდანი?
გადაეხურა ზამთარსა
ტყისათვის თეთრი საბანი.

აქ პირველი სტრიქონი ჯერ ასე ყოფილა: ხეებს შაექმნათ თათბირი. უკანასკნელი კი ასე: ტყისთვის სპეტაკი საბანი.
ამის შემდეგაა: აღარც ნიავმა…
C-ს არა აქვს არც სათაური და არც თავების აღმნიშვნელი ციფრები.
Ι, 2 ყოფილა: ზედ დასდებია ბარდანი, – შეცვლილია: ძირს თავი დაუკიდია C; ამის შემდეგ C-ში გადახაზულია:

მოსათბუნებლად ზამთარსა
დაუხურია საბანი,
დაუთოვნია საწყლისთვის,
ზურგს ტვირთი აუკიდია.

ამას მოჰყვება: შეუბრალებელს ზამთარსა… 7 ტყეს] ზედ C. 9 წარსულსა, ოცნებობს] ჯერ იყო: ოცნებობს წარსულზე, – გადაკეთებულია: წარსულზე ოცნებობს C. 12 ჩამოებერტყნა ბარდანი] ტყისთვის დაერწო აკვანი B, გაეყრევინა ბარდანი C; ბარდანი C-ში სქოლიოში განმარტებულია: ხეზე დადებული თოვლი; ამ სტრ. შემდეგ B-ში გადახაზულია: ჩამოებერტყა ყინული. 13 ეწამლა] ეწამლათ B.
16 სტრიქონის შემდეგ C-ში ტექსტი გრძელდება ΙV თავის მე-5 სტრიქონიდან: „ნუ გეწყინებათ…“ 17 ყოფილა: ბარდიდან, – შეცვლილია: კურდღელი B. 19 ყოფილა: რომ, – შეცვლილია: და B. 21 ყინულსა] ნეკერი B. 22 ნეკერი დაუფარია] მათთვისაც არსად არია B. 24-ე სტრ. შემდეგ B-ში ემატება:

უშველე, მზეო, უშველე,
ტყისათვის მოიცალია!

25 – 26 და… მწარია] B-ში ჯერ ყოფილა:

საამოდ აღარ წკანწკარებს,
მთლად გაყინულა წყალია;

ეს გადახაზულია და ქვევით მიწერილია;

და ტყეში ისმის მხოლოდა,
მგლების ღმუილი მწარია;

ΙΙ, 1 ზამთრისა] ზამთარშიც B. 3 ცხრათვალა] ცხრა თვალი B. 6 წინათა] წინადა B. საბან-ახდილნი] საბან-ახდილი B. 8 შეჰხაროდნენ] შეჰყურებდნენ B. 23 არც თხილსა] და არც თხილს B. 28 ზედაც არ შემოგვხედავენ] ჩვენ ზედაც არ შემოგვხედვენ B. 30 – 31 ჩვენ… ყელებს] B-შია:

თუ არ ნაძვების მიდამოს
არ დაადგამენ ფეხებსა;

35 ყოფილა: ბავშვების, – შეცვლილია: და იმათ B. 38 შენაცა] რო შენში B. 39 გქონია] ყოფილა B. 40 შეუბრალები მეგონე] მეგონე შეუბრალები B. 42 გიკლავს, – ამის ნაცვლად B ხელნაწერში ჯერ ყოფილა: გიშლის, – გადახაზულია და შეცვლილია: გიხშობს. 44 – 45 ყოფილა:

ავის ჩამდენნი კაცები
ეგებებიან შობასა.

შეცვლილია ისე, როგორც აქ, ამ ნაბეჭდშია.

49 ვხედავ, რომ სჭრიან] ვნახავ მოჭრილსა B. 54 ყოფილა: ვერ ვშველით, – შეცვლილია: მაგრამ B. 57 ყოფილა: ჩემს ახლოს არ იყვნენ, – შეცვლილია: პირდაპირ არ იდგნენ B. 59 ყოფილა: მაგათის, – შეცვლილია: ბედკრულთა B. 65 ყოფილა: უქმია, – შეცვლილია: მკვდარია B. ამის შემდეგ იქვე გადახაზულია 4 სტრიქონი:

გულში უხმოდა კვდებაო.
მე მესმის მხოლოდ მარტოსა,
და თუნდა კიდეც ვასმინო,
არ იწამებენ სანდოსა;

66 დნება] მრჩება B.
ΙΙΙ, 5 ნაძვები უნდა გაყიდონ] უნდა წაიღონ, გაყიდონ. 9 ყოფილა: ოხრავენ, – შეცვლილია: სტირიან B. 17 „ვაჰმეო!“ ერთხმად იყვირეს] ერთბაშად შედგნენ მუშები B. 18 დაჰყარეს] დაყარეს B. 21 ხელს ბავშვი მიჭერს ვიღაცა] ხელს ვიღაც მიჭერს, ბავშვია B. 23 მკლავებს] მკლავსა B. 24 მადგეს] მედგას B.
ΙV, 2 ყოფილა: მაზედ დაცურავს კალამი, – შეცვლილია: მაზედ ჩვილის ყრმის ხელითა B. 4 ალმასის] ცეცხლის მსგავს B. 6 რო] რომ B. მკლავია] ხელია B. 11 – 12 მიტომ… ძნელია] B-შია:

იმისთვის არ დავიბადე,
მიტომ არ გავჩნდი ბეთლემსა,
ჯვარცმა ვიკისრე მწველია.

7 მოვედ ქვეყნადა. ამათ ნაცვლად C-ში ჯერ ყოფილა: გავჩნდი ბეთლემში, – გადახაზულია და თავზე აწერია: მქვიან მე ღვთისა. 15 ცრემლებით] ცრემლითა B. 17 – 18 სტრ. აკლია B. 18 სტრ. შემდეგ C-შია:

და ჩემსა სადიდებელად
არ გაჭრეინოთ წნელია;

აქ წყდება C. 19 ერთს დღეს მაინცა] მაინც ერთს დღესა B.